ჩემი აკადემიური და პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების კვლევასა და ანალიზთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხებს, რადგან მიმაჩნია, რომ მათი ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ჩემი მიზანია, კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საქმიანობით ხელი შევუწყო არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას და სისტემური გაუმჯობესებების განხორციელებას. ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე აქტიურად ვარ ჩართული როგორც სასწავლო, ისე მენტორულ საქმიანობაში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სტუდენტებისთვის როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და ფარმაციის მენეჯმენტის მიმართულებით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პროფესიულად კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებისთვის.

აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა კვლევით პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავს ფარმაცევტული სექტორის მართვის გაუმჯობესებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას. ჩემი ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სიახლეების შესწავლა, რომლებიც ხელს უწყობს პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.


სამეცნიერო ინტერესები
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულაციები
  • კლინიკური ფარმაცია
  • ფარმაკოეკონომიკა
  • პერსონალიზებული მედიცინა
  • სამკურნალო საშუალებების შემუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები
  • ციფრული ტექნოლოგიები