2000 წლიდან ვთანამშრომლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების, სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევით ცენტრთან მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე. პარალელურად ვსწავლობდი დოქტორანტურაში. ჩემი ყურადღება მიიპყრო სამედიცინო დანიშნულების უჯერი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზმა და კვლევამ. 2008 წლის 26 სექტემბერს დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „α-ამინომჟავების შემცველი, ბიოდეგრადირებადი, უჯერი პოლიესტერამიდები ფუმარის მჟავას საფუძველზე – სინთეზი და გარდაქმნები“ და მომენიჭა ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2009 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე. მიმდინარე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ვახორციელებ.
გამოცემული მაქვს მონოგრაფია თემაზე: უჯერი ბმების შემცველი პოლიმერები, მათი სინთეზი, თვისებები და გამოყენება“ და ვარ დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი თემაზე: „ფუნქციური პოლიმერები ქიმიურ კვლევებსა და ტექნოლოგიებში“. აღნიშნული გამოცემები მნიშვნელოვან და აქტუალურ ინფორმაციას აწვდის როგორც სტუდენტებს, ასევე დაინტერესებულ მკითხველს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოლიმერული ბიომასალების დარგში.
2020 წლის 23 იანვრიდან დღემდე ვარ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
სხვადასხვა სპეციფიკის მქონე საქმიანობამ შესაძლებლობა მომცა დამეგროვებინა გარკვეული პრაქტიკული და თორიული გამოცდილება, რომელიც დღემდე მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობასა და პროფესიულ ზრდაში.
აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო პროგრამებში. ტრეინინგებში, ვორქ-შოფებში, ვებინარებში. 2-ჯერ მოვიპოვე სტიპენდია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერასმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში. საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ვესწრებოდი ცნობილი მეცნიერების ლექციებსა და სემინარებს. ვეცნობოდი და ვსწავლობდი ორგანულ ნივთიერებათა კვლევის ინსტრუმენტულ მეთოდებს.
2013 წლის 21 მაისიდან დღემდე ვარ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი.
რეგულარულად ვაქვეყნებ სამეცნიერო კვლევის შედეგებს. ამჟამადაც ვაგრძელებ ზემოაღნიშნული თემატიკის კვლევასა და სასწავლო პროცესში მის აქტიურ გამოყენებას.
- ჩემს კვლევის ინტერესს წარმოადგენს სხვადასხვა შედგენილობის ბიოსამედიცინო დანიშნულების მქონე მასალების სინთეზი, მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა, კვლევა და გამოყენება.