სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი: ირმა გიკაშვილი

2015 წლიდან ვასწავლი საგანთა ჯგუფს, რომელიც მოიცავს ქართული სამართლის ისტორიას და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორიას. ეს საგნები უმაღლესი სასწავლებლის სწავლების ყველა საფეხურზე,  საგნების უმრავლესობის საფუძველს წარმოადგენს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე და ხარისხიანი განათლების ძირითად საზომს წარმოადგენს შესასწავლი საგნების პრაქტიკაში გამოყენება და მათი გადაკვეთა სხვა სპეციალობებთან.

სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებთ პრობლემათა ის სეგმენტი, რომლითაც დაინტერესებულია ქართული სამართლის ისტორიული მეცნიერება. ქართული სამართლის ისტორია იძლევა მეცნიერულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას ქართული სახელმწიფოსა და სამართლის უძველესი ინსტიტუტების შესახებ. ეს არის სამართლის წყაროები, მმართველობის ფორმების თავისებურებანი, სახელმწიფო ხელისუფლების ევოლუცია და ორგანიზება, საკლესიო ხელისუფლება და მათი სტატუსი, სისხლის სამართლის ზოგადი პრობლემები, დანაშაული და სასჯელი, სანივთო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საოჯახო სამართალი, სასამართლო პროცესი, მსაჯულთა კომპეტენცია, სასამართლო მტკიცებულებანი და ა. შ. შევეცდები ბაკალავრებთან განვახორციელო პროექტი, რომელიც უკეთ გააცნობდა ახალგაზრდებს, მონღოლთა პერიოდის საქართველოს სამართლის ისტორია. რატომ ეს პერიოდი? მონღოლების შემოსევების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა სამართლის ინსტიტუტი, მოიშალა ქართული სამართლის დარგები, მეფეთა კურთხევის წესი, საგადასახადო საკითხებისადმი დამოკიდებულება. მთელი ქვეყანა ჩინგიზ ყაენის ,,იასას’’(კანონთა კრებული) მიხედვით იმართებოდა, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემ ისევ არ აღადგინა ქართული მართლმსაჯულება. მონღოლთა ბატონობის ხანა- საქართველოს ისტორიის ეს შავბნელი პერიოდი, ვფიქრობ იმსახურებს სტუდენტების მიერ უფრო ღრმად შესწავლას .

კვლევის ინტერესები: საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობა საფრანგეთში, მონღოლთა ბატონობის ხანა საქართველოში და ჩინგის ყაენის ,,დიდი იასა’’

სამეცნიერო ინტერესები
  • საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობა ემიგრაციაში;
  • ქართული სამართლის ისტორია;