გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი. სპეციალისტი ჰოლოგრაფიის, პოლარიზაციული და აკუსტიკური ჰოლოგრაფიისა და

პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალების დარგში. 1972 წლიდან მუშაობს კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში (ყოფილი ოპტიკური კვლევების განყოფილება). 

მონაწილეობას იღებდა პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის საფუძვლების შემუშავებასა და განვითარებაში, პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის დამაარსებლის პროფ. შერმაზან ყაყიჩაშვილის ხელმძღვანელობით.

გ. კაკაურიძის და ბ. კილოსანიძის მიერ შექმნილია უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი რეალურ დროში სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზისათვის, შეიქმნა პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული გამოსახულების სტოქსის ასტროპოლარიმეტრი; შემუშავდა სახეთა ამოცნობის ახალი მეთოდი ფოტოანიზოტროპული ასლების საფუძველზე; შემუშავდა ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრისათვის; შემუშავდა ოპტიკურ საკომუნიკაციო ქსელებში ინფორმაციის არხების სივრცული კომუტაციის მეთოდი დინამიური პოლარიზაციული ჰოლოგრამების მატრიცის მეშვეობით. კაკაურიძის და კილოსანიძის მიერ შექმნილია მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდებისა და სამრეწველო პროდუქციის გაყალბებისაგან დაცვის ინოვაციური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული სისტემა (საქართველოს პატენტი P 5395). კაკაურიძის მიერ შემუშავდა ინოვაციური წყლის დაბინძურების განსაზღვრის მეთოდი აკუსტიკური ჰოლოგრაფიის საფუძველზე (საქართველოს პატენტი № 2982).

გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სტატია რეფერირებად ჟურნალებსა და საერთაშორისო კონფერენციების მასალების კრებულებში, მონაწილეობდა საქართველოს და საერთაშორისო 13 საგრანტო პროექტში, აქედან 5 პროექტის ხელმძღვანელი იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა 25 საერთაშორისო კონფერენციაში.

კაკაურიძე ამერიკის ოპტიკური საზოგადოების (OSA) წევრია. 




სამეცნიერო ინტერესები
  • პოლარიზაციული ჰოლოგრაფია
  • პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტები
  • პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალები
  • პოლარიმეტრია
  • დინამიური პოლარიზაციული ჰოლოგრაფია
  • ოპტო-აკუსტიკური გარდაქმნები