1985 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით– ნახევარგამტარები და დიელექტრიკები, 1985–1987 წლებში ვმუშაობდი სსი "მიონში" ინჟინერის თანამდებობაზე. 1987 წელს გავხდი კიბერნეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1994 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: "“ინდუცირებულ სპირალური თხევადკრისტალური ცისფერი ფაზის ოპტიკა, ელექტროოპტიკა და ტემპერატურის ვიზუალიზაცია ინდუცირებული ქოლესტერული ფაზის საშუალებით.” 

1989 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ვლ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის  ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპიული სისტემების განყოფილებაში. ამჟამად მიკავია მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა. ჩემს მიერ ჩატარებული სამუშაოები ძირითადად ეხება თხევადკრისტალურ, პოლიმერულ და მეტალურ ნანოკომპოზიციებში ოპტიკურ, თერმულ, ელექტრო და ფოტო-ოპტიკურ კვლევებს, ახალი სახეობის ამრეკლავ და ლუმინესცენციურ დისპლეებს, გარემოსადმი ადაპტირებულ სინათლით, ელექტრული ველით და ტემპერატურით მართვად ჭკვიან ფანჯრებს. ასევე მაქვს გამოქვეყნებული სამუშაოები სინათლით, მჟავა/ტუტიანობით და თერმულად მართულ წამლის ტარგეტირებულ მიწოდებაზე, ოქროსა და ვერცხლით დოპირებულ თხევადკრისტალური და პოლიმერულ ნანოსტრუქტურებზე, ფოტოქრომულ თხევადკრისტალურ და პოლიმერულ მასალებზე. შესრულებული სამუშაოების ნაწილი ეხება ქოლესტერულ და ცისფერფაზურ თხევადკრისტალურ მიკროსფეროებში ლაზერული გამოსხივების გენერაციის მიღებას და მის მართვას.

1995 წელს ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად მიწვეული ვიყავი გერმანიის ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში- Martin Luther University of Halle-Wittenberg (Martin-Luther- Universitat Halle-Wittenberg).2006 წელს ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად მიწვეული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში- Beam Engineering for Advanced Measurements Co and University of Central Florida. 1998 წლიდან დღემდე მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები მაქვს იტალიის კალაბრიის უნივერსიტეტთან-University of Calabria- Joint Laboratory of LICRYL (INFM-CNR) and CEMIF.CAL (MIUR Excellence Centre), სადაც 28-ჯერ ვიყავი მიწვეული. ერთობლივი სამუშაოების შედეგად გამოქვეყნებული გვაქვს მრავალი ნაშრომი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, მიღებული გვაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციებში და დავაპატენტეთ სამი გამოგონება (ევროკავშირის პატენტი) ვარ ამერიკის ოპტიკური საზოგადოების (OSA) სამეცნიერო გამომცემლობის რეცენზეტი.

სამეცნიერო ინტერესები
  • თხევადი კრისტალების ოპტიკა, თერმო, ფოტო და ელექტრო ოპტიკა, ფოტოქრომული თხევადკრისტალური და პოლიმერული სისტემები, თხევადკრისტალური ლაზერები, ამრეკლავი და ლუმინესცენციური დისპლეები, ჭკვიანი ფანჯრები, წამლის ტარგეტირებული მიწოდება, ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკებით დოპირებული თხევადკრისტალური და პოლიმერეული ნანოკომპოზიციები