უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

მე ვარ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუიის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების უფროსი მეცნიერითანამშრომლი. ჩემი ინსტიტუტში მოღვაწეობის დაწყებისთანავე აქტიურად დავიწყე ღრუბლებში მიმდინარე მიკროფიზიკური პროცესების შესწავლა, ამასთან ერთად დავინტერესდი ცირკულაციური პროცესების დინამიკის თავისებურებებით საქართველოში ამინდის ექსტრემალური პირობების განვითარების დროს. რადიოლოკაციური და ნალექმზომი ქსელის მონაცემების გამოყენებით ჩავატარე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ღრუბელთა რესურსების სტატისტიკური ანალიზი, შევისწავლე სეტყვასთან ბრძოლის სამუშაოთა გავლენა ნალექების რეიჟმზე, აგრეთვე ძლიერი ქარის რეჟიმის ცვალებადობა კოლხეთის დაბლობსა და მტკვრის ხეობაში. ვიყავი პასუხისმგებელი ან ძირითადი შემსრულებელი ინსტიტუტში დამუშავებული მთელი რიგი პროექტებისა. ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ვმონაწილეობ კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, რაც აისახა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა და მონოგრაფიებში. კერძოდ, შევაფასე ჩემს ჯგუფთან ერთად გლობალური დათბობით გამოწვეული ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების ცვლილებაზე საქართველოში კლიმატის რეაგირება ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში საადაპტაციო ღონისძიებათა შესამუშვებლად, ასევე ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის შეფასებული იქნა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების პოტენციალი. მომზადებული იქნა კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო პროექტი მზის ენერგიის გამოყენებით გარე კახეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის, და ა.შ. პარალელურად ვიკვლევდი განვლილი პერიოდის რადიოლოკაციური მასალების საფუძველზე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ღრუბელთა და ნალექთა რადიოლოკაციური ამრეკლადობის დამოკიდებულებას ინტენსივობასთან. მომავალში კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება. გარდა ამისა საქართველოში ნალექთა ხელოვნური რეგულირებისა და სეტყვასთან ბრძოლის სამუშაოთა ახალ დონეზე აღდგენის გათვალისწინებით, ჩვენი ინსტიტუტისთვის პერსპექტიულად ჩაითვლება მძლავრ საღრუბლო სისტემებთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების ეფექტური პროგნოზირებისა და მათგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად ამ მოვლენებზე დაკვირვების, კონტროლისა და პროგნოზის სისტემის ორგანიზაცია. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ცალკეულ მდინარეთა აუზებისათვის წყლის ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნას, ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო სტრატეგიის შემუშავება. კვლევის ინტერესი: ცირკულაციური პროცესები, კლიმატის ცვლილება, ადაპტაცია, აქტიური ზემოქმედება, წყლის ინტეგრირებული მართვა.

სამეცნიერო ინტერესები
  • მეტეოროლოგია
  • კლიმატოლოგია
  • კლიმატის ცვლილება
  • აქტიური ზემოქმედება
  • ღრუბლების ფიზიკა