დავიბადე ქალაქ ზესტაფონში. 1973 წელს დავამთავრე ზესტაფონის N3 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით დავიწყე მუშაობა საპროექტო ინსტიტუტ „საქსახპროექტში“ ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მონაწილეობას ვღებულობდი ბეტონისა და რკინაბეტონის ქარხნების და სხვა საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ხაზების დაპროექტებაში. 1981 წლის ნოემბერში ჩავაბარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურაში. ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემა მიეძღვნა ბეტონის რღვევის პროცესების შესწავლას. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობის დროს აქტიურად ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. ჩემი კვლევები შეეხებოდა ბეტონის რღვევის პროცესის შესწავლას აკუსტიკური ემისიის მეთოდის გამოყენებით.
1989 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე შეთავსებით 0.5 საშტატო ერთეულზე. 1990 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროს მიეკუთვნება: მასალების დეფორმირებისა და რღვევის საკითხები, ბეტონის ხანგრძლივი სიმტკიცის თეორია; მსუბუქი და უჯრედოვანი ბეტონები, მაღალი სიმტკიცის და თვითშემჭიდროებადი ბეტონები. ამ საკითხების კვლევას ეძღვნება ჩემი მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები.
1999 წლის აგვისტოდან მუშაობა დავიწყე ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის სამსახურში ჯერ ექსპერტთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის, შემდეგ კი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამავე დროს მუშაობას ვაგრძელებ სტუ-ში 0,5 საშტატო ერთეულზე.
2012 წლიდან კონკურსის წესით დავინიშნე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის თანამდებობაზე. სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას.
მყავს მეუღლე მარინა გაჩეჩილაძე - მუშაობს „ავერსის“ კლინიკაში ექიმად და ორი ვაჟი - ნოდარ და გიორგი ტურძელაძეები.
- მასალების დეფორმირებისა და რღვევის საკითხები, ბეტონის ხანგრძლივი სიმტკიცის თეორია; მსუბუქი და უჯრედოვანი ბეტონები, მაღალი სიმტკიცის და თვითშემჭიდროებადი ბეტონები