ქეთევან ქუთათელაძე

დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აქვე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია (გათანაბრებული აკადემიურ დოქტორთან). ამის შემდეგ არ ყოფილა ერთი დღეც კი, რომელიც მე ტექნიკურ უნივერსიტეტთან არ მაკავშირებდა. 2023-2024 წლებში უნივერსიტეტის წარდგინებით და პრემიერ მინისტრის ბრძანებით ვიყავი "უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს" წევრი. 2025 წლის ივნისიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ვუპასუხოთ ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებიც გაუმკლავდებიან თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.  2024 წელს ამირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ვარ ფაზისის აკადემიის წევრი. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა კვლევითი პროექტები და სასწავლო პროგრამები უფრო მეტად მიესადაგოს ინდუსტრიის მოთხოვნებს;   აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან. ვარ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვარ საქართველოს ქალთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. "ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია" 2019 წლის 13 თებერვალს გახდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ორგანიზაციის სამოქმედო არეალი მოიცავს ქველმოქმედებას, მუშაობას ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ორგანიზაციაში ვსაქმიანობდი და ვსაქმიანობ აკადემიკოსების ნინო ჯავახიშვილის, ზინაიდა კვაჭაძის, მზექალა შანიძის, ნანა ხაზარაძის, ეთერ ქემერტელიძია და სხვა გამორჩეული ქალბატონების გვერდით.


მყავს მეუღლე - ირაკლი ქვარაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. შვილები: გიორგი ქვარაია და ნინო ქვარაია.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევითი ინტერესები ეხება ეკონომიკის მიმართულებებს და განათლების მენეჯმენტის საკითხებს