დავით ჯიშიაშვილი. იმს ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფერო მოიცავს ნანოტექნოლოგიას, მყარი სხეულების (ძირითადად ნახევარგამტარების) ფიზიკას, მასალათმცოდნეობას. ნანოტექნოლოგიური კვლევები მიმართულია ნულ, ერთ და ორგანზომილებიანი ნანომასალების სინთეზის მეთოდების შემუშავებასა და ამ მასალების სტრუქტურის, შედგენილობის, პარამეტრების შესწავლისკენ. მასალათმცოდნეობით კვლევებში იყენებს მასკანირებელ და ტრანსმისიულ ელექტრონულ მიკროსკოპიას, ელექტრონული და რენტგენული სხივების დიფრაქციას, მახასიათებელი რენტგენული გამოსხივების ენერგოდისპერსულ სპექტროსკოპიას, ინფრაწითელ სპექტროსკოპიას, სპექტროფოტომეტრიას ხილულ და ულტრაიისფერ უბანში, ნანო- და პიკოამპერების რიგის ვოლტ-ამპერმეტრიას. ბოლო დროის კვლევები დაკავშირებულია წყლის ორგანული დამაბინძურებლებისაგან გასუფთავებისთვის ნანო ზომების ფოტოკატალიტიკური მასალების შემუშავებასთან, თუთიაიონური აკუმლატორებისთვის სტაბილური, 002 სიბრტყით ტექსტურირებული ანოდების, სხვადასხვა აირებისა და უი უბანში მომუშავე ნანოსენსორების დამზადებასა და კვლევასთან. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია 6 აკადემიური და მეცნიერებათა დოქტორის დისერტაცია, აგრეთვე სამაგისტრო სამუშაოები. ის კითხულობს ლექციებს როგორც საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ისე მაგისტრებისთვის. 2006 წელს მუშაობდა მიწვეული პროფესორის სტატუსით საფრანგეთში ქ. ნანსის უნივერსიტეტში, მასალათმცოდნეობის კათედრაზე. 2016 წელს მისი წიგნი „ნანოტექნოლოგიის შესავალი“, როგორც წლის საუკეთესო სახელმძღვანელო, დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი პრემიით. ის არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და 10 პატენტის ავტორი. მონაწილეობდა ცხრა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში როგორც ხელმძღვანელი და ძირითადი შემსრულებელი.
- ნანოტექნოლოგია
- მასალათმცოდნეობა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები