ჩემი კვლევის ძირითადი ობიექტებია ელემენტური ბორის კრისტალური და ნანომოდიფიკაციები, ბორის ნაერთები და კომპოზიტები, რომლებიც უნიკალური ფიზიკური თვისებებით და, შესაბამისად, მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გამოყენებებით გამოირჩევა. ამ მასალებით სამეცნიერო კარიერის დასაწყისშივე, ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლისას, დავინტერესდი. ეს ინსტიტუტი ბორის მიმართულებით კვლევების წამყვანი ორგანიზაციის როლს ჯერ კიდევ ყოფილ საბჭოთა კავშირში ასრულებდა. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკად. გური ცაგარეიშვილი, კი სწორედ ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების ლაბორატორიას უძღვებოდა.
ბორშემცველ მასალებს ვსწავლობ როგორც ექსპერიმენტულად, ისე – თეორიულად ჩემ მიერ შემუშავებული ნივთიერების ატომური სტრუქტურისა და ელექტრონული ენერგეტიკული სპექტრის გამოთვლის ნახევრადკლასიკური მეთოდით. ამ მიდგომაში სიგრძისა და ენერგიის განზომილების მქონე პარამეტრებისათვის მიღებული მნიშვნელობების ფარდობითი ცდომილება რამდენიმე პროცენტს არ აღემატება, რაც სავსებით საკმარისია მასალათმცოდნეობითი მიზნებისათვის.
ჩემი სამეცნიერო ინტერესების დამატებითი სფეროა მათემატიკა. გამოქვეყნებული მაქვს შრომები გეომეტრიაში მოცულებითი ინტეგრალების ანალიზურად გამოთვლის პრობლემაზე და მაღალი რიგის ალგებრული განტოლებების თეორიაში.
მთლიანობაში 460-ზე მეტი შრომის ავტორი ვარ. ჩემი სამეცნიერო პროდუქტიულობა ჰირშის ინდექსით ასე ფასდება: Web of Science – 9, Scopus – 11 და Google Scholar – 19. ჩემი სამეცნიერო პუბლიკაციების მიმართ ინტერესი, შეფასებული Research Gate-ის მიერ, აღემატება მის წევრ მეცნიერთა 91%-ის მაჩვენებელს.
ისტორიკოსის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ამან განსაზღვრა ჩემი ჰობი – ისტორია.
- კონდენსირებული გარემოს ფიზიკა
- ნანოფიზიკა
- მასალათმცოდნეობა
- ნანოტექნოლოგია
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები