მე, გია როყვა, დავიბადე ქალაქ თბილისში 1957 წლის 18 ნოემბერს, მოსამსახურის ოჯახში

ეროვნებით ქართველი.

ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხელოვნება და ტექნიკა, რამაც განაპირობა პროფესიის არჩევანი.

1974 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სპეციალობაზე "სამრეწველო მხელოვნება"(დიზაინი), რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1979 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ ჩემი სპეციალობით, რომელსაც 1995 წლიდან დაერთო პედაგოგიური მოღვაწეობა ამავე სპეციალობით(დიზაინი), სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე.

საბჭოთა პერიოდში ვმუშაობდი საკავშირო დაქვემდებარების სპეციალურ საკონსტრუქტორო ორგანიზაციებში. მიღებული მაქვს სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის მედლები და სიგელი. ვარ ხუთი საავტორო მოწმობის მფლობელი (NN 18912; 19960; 19986; 20314; 32613.)

იმავე პერიოდში შექმნილი მაქვს მთელი რიგი დიზაინ-პროექტებისა.

1987 წლიდან დღემდე, ვარ სსრკ-საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში მქონდა ინდივიდუალური პრაქტიკა დიზაინის დარგში. 1995 წლიდან დღემდე ვმუშაობ დიზაინის პედაგოგად სტუ-ს არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში შევქმენი რიგი დიზაინ-პროექტებისა, რტომელთა შორის გამოვყოფდი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ძველი შენობის დიზაინს(აღმაშენებლის გამზირზე), დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის ლოგოტიპსა და ინტერიერის დიზაინს, თბილისის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესიის მხატვრულ ვიტრაჟებს, რიგი ბანკებისა და ორგანიზაციების საფირმო დიზაინს.

სპეციალობაში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2012 წელს წარჩინებით დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე "მინის ფორმაწარმომქმნელი როლი არქიტექტურაში-ტრადიცია და თანამედროვე ტენდენციები" და მომენიჭა არქიტექტურის აკადემიური დოქტორის წოდება.

2014 წლის მაისში გავხდი საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და მომენიჭა აკადემიკოსის წოდება.

ვარ საქართველოს პატრიოტი და მზად ვარ პირნათლად ვემსახურო მას.

სამეცნიერო ინტერესები
  • KnowHow, მიღწევები დიზაინის დარგში, გამოგონებები, თანამედროვე პროექტები.
  • მხატვრული მინა, ვიტრაჟი