ასოცირებული პროფესორი
კონსტანტინე ბზიავა

2013 წლიდან დღემდე ვსაქმიანობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტში არჩეული ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. 2008 წლიდან ასევე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, ინოვაციური განვითარების ჯგუფის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

2013 წლიდან ვარ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ჰიდრომელიორაციის მიმართულების დარგობრივი ჯგუფის წევრი. აქტიურად ვთანამშრომლობ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და პროფესიულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის: WB, USAID, USDA, NATO, ADA, FAO, NUFFIC და სხვა). ვარ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტის გამარჯვებული და მონაწილე.

2007–2013 წლებში ვმონაწილეობდი NATO-ს პროგრამაში „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტში (NATO SfP 982227) „წყლის რესურსების მართვა აგროეკოსისტემებში სამხრეთ კავკასიის ტრანსასაზღვრო რეგიონებში (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)“, სადაც ვასრულებდი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კოორდინატორის ფუნქციას.

გამოქვეყნებული მაქვს დაახლოებით 80 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო. ვარ წყლის რესურსების მართვის ორ სამენოვან (ქართული, რუსული, ინგლისური) ტექნიკურ ლექსიკონში ერთ-ერთი თანაავტორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • წყლის რესურსების მენეჯმენტი, ირიგაცია, დრენაჟი, წყალმომარაგება, ჩამდინარე წყლების გაწმენდა, გარემოს დაცვის ინჟიენრია, წყლის ეკოლოგია
  • კვლევითი ინტერესები კონცენტრირებულია წყლის რესურსების მდგრად მენეჯმენტზე, ირიგაციისა და დრენაჟის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სისტემების ოპტიმიზაციაზე, ასევე გარემოსდაცვით ინჟინერიასა და წყლის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.